უამინდობის გამო დაზიანდა სახლები, ავტომობილები, გადახდილია სახურავები - მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის ცნობით, გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს – უწყების განცხადებით, განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს.

„უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს.

მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის ცნობით, გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.

საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან დაუკავშირდნენ შესაბამისი რაიონის გამგეობას.