საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გადამწყვეტ მომენტში არჩევანი ხალხის ხელშია.
„საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას. გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი”, – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. კენჭისყრის უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა.
ეგზიტპოლის თანახმად, პირველ ტურში ლიდერ ულტრამემარჯვენე პარტიას მემარცხენე კოალიცია უსწრებს. მარინ ლე პენის პარტია, სავარაუდოდ, მესამე ადგილს დაიკავებს.
წინასწარი პროგნოზით, მემარცხენე სახალხო ფრონტი დაიკავებს 172-დან 192 ადგილამდე, ხოლო ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი 150-დან 170-მდე ადგილით მეორე ყველაზე დიდი პარტია იქნება პარლამენტში.
რაც შეეხება ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას, სავარაუდოდ, 132-დან 152-მდე დეპუტატი ეყოლება.
ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 289 ადგილი მაინც არის საჭირო.