ზურაბიშვილი აშშ-სა და EU-ს გადაწყვეტილებებზე: ეს პასუხია „ოცნების" უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის” შეჩერებისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა.

ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს პასუხია „ოცნების” ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.

„აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ის მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა. ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე

პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი – არაფრისთვის და არავისთვის საჭირო – რუსული კანონის უკან გაწვევა ან გაყინვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის, თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ „მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე „ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა … (ნეტავ აწი ამერიკას რა ეშველება!!!) ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოესი მეგობრისგან ყურადსაღებია!

მართალია, ეს პასუხია მმართველი პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ „არჩევანი თქვენია” ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან! ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას „რატომაა ეს კანონი რუსული?” რატომ? … და ამიტომ!!!”, – წერს ზურაბიშვილი.