მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაიას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლის, იულია ნავალნაიას დაკავების განკარგულება გასცა.

CNN წერს, რომ სასამართლო ნავალნაიას „ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობას“ ედავება და რუსეთში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრება ემუქრება.

სასამართლოს ბრძანებას ნავალნაია მოგვიანებით X-ზე გამოეხმაურა და მხარდამჭერებს მოუწოდა, განკარგულების ნაცვლად ყურადღება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლას დაუთმონ.

„ჯერ უცხოეთის გავლენის აგენტი, ახლა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, შემდეგ დაკავება?! როდესაც ამაზე დაწერთ, არ დაგავიწყდეთ, მთავარიც დაწეროთ: პუტინი მკვლელი და ომის დამნაშავეა. მისი ადგილი ციხეშია, არა სადღაც ჰააგაში, კომფორტულ საკანში ტელევიზორით, არამედ რუსეთში, იმავე კოლონიაში, ისეთივე საკანში, როგორშიც მან ალექსეი მოკლა“ ,-  წერს იულია ნავალნაია.