ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურებას ავრცელებს.
ჟურნალისტის ცნობით, სახელმწიფო დეტპარტამენტი ეხმაურება რუსეთის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც აშშ „ესწრაფვის რეჟიმის შეცვლას“ საქართველოში. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ეს სრულიად მცდარია.“
„არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი აკეთებს მსგავს ბრალდებებს აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რაც სრულად მცდარი, აბსურდია.
და მე უბრალოდ აღვნიშნავ იმ ქვეყნის – რუსეთის ირონიას, რომელიც უკანონოდ ახდენს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას და ამ აბსურდულ ბრალდებებს სხვა ქვეყნის მიმართ აყენებს”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. [„ფორმულას“ თარგმანი]
რუსეთის საგარეო დაზვერვა ავრცელებს მორიგ პროპაგანდისტულ ნარატივს იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ძალაუფლების შეცვლა აშშ-ს აქვს გადაწყვეტილი.
რუსეთის მტკიცებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა საინფორმაციო კამპანია „ქართული ოცნების” დისკრედიტაციისთვის.
რუსეთის დაზვერვა ამბობს, რომ აშშ-ს ეს „ჰოლივუდის სცენარით და ანტირუსული ენთუზიაზმით აქვს დაგეგმილი – რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთია”.
რუსეთის დაზვერვის პროპაგანდისტული ნარატივით, აშშ აქცენტს გააკეთებს „ქართული ოცნების” დადანაშაულებაზე „პოლიტიკური დამოუკიდებლობის არქონაში”, ასევე, „საქართველოს გემი მოშორდება ევროპულ ნაპირებს”.
რუსული პროპაგანდა ახსენებს სალომე ზურაბიშვილსაც და მიუთითებს, რომ სწორედ „მან უნდა ითამაშოს მთავარი როლი ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში”. კერძოდ, რუსეთის დაზვერვის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუს მისცემს ერთ-ერთ ამერიკულ მედიას და საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს თბილისის ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების პროცესის „დეგრადაციაში”, „ფართო საზოგადოებას გააფრთხილებს მოსკოვთან დაახლოების კატასტროფულ შედეგებსა” და საქართველოში გადასახლებული რუსი მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებულ ზარალზე.
რუსული პროპაგანდისტული გზავნილის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი აპირებს ამომრჩევლების მომზადებას „ქართული ოცნების“ მიმართ ოპოზიციის მხრიდან „რაღაც პოლიტიკური სიურპრიზისთვის“, რაც საბოლოოდ შეიძლება მორიგი „ფერადი რევოლუცია“ აღმოჩნდეს”.
რუსეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ „ამერიკელმა კურატორებმა ქართველ ოპოზიციონერებს უკვე მისცეს დირექტივა, დაიწყონ საპროტესტო აქციების მომზადება არჩევნების დროისთვის.
ასევე, რუსეთი ამტკიცებს, რომ „დემონსტრანტებს შორის გათვალისწინებულია მსხვერპლი”.