EU-მა და ჩვენც ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვებოდა - მილერი

პუბლიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ბრიფინგზე ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, EU საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილ 30 მილიონ ევროს გაყინავს.

„რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო სათანადო კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. მაგრამ მე ვიცი, რომ მათ [ევროკავშირში] ცხადად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ცხადად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა”, – თქვა მეთიუ მილერმა. [„ფორმულას“ თარგმანი]

ჟურნალისტმა მას ასევე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზეც ჰკითხა, რაზეც სახ.დეპის სპიკერმა თქვა, რომ ვაშინგტონში თბილისთან ურთიერთობების “გადახედვა კვლავ გრძელდება”.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან 9 ივლისს ისაუბრა.