გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ რუსული კანონით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
მისი თქმით, ახლა გაწევრების პროცესი შეჩერებულია, რაც სამწუხაროა, ვინაიდან საქართველო ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყოს.
„თქვენ იცით პროცესი”, – მიმართავს გერმანიის ელჩი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.
„საქართველოს მოქალაქეებმა და ქართველმა მეგობრებმა უნდა იფიქრონ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი შვილიშვილებისთვის. თუ ეს გსურთ, ჩვენს კურსს უნდა დაუბრუნდეთ”, – აცხადებს პეტერ ფიშერი.
გერმანიის ელჩის თქმით, როგორც დიპლომატი, უკვე მე-7 ქვეყანაში მუშაობს, მაგრამ არსად უნახავს საგარეო პოლიტიკური კურსის ისეთი შებრუნება, როგორიც ეს საქართველოში ნახა 2024 წლის პირველ ნახევარში.
„ჩემი საქმიანობის განმავლობაში საქართველო მეშვიდე ქვეყანაა, სადაც ვსაქმიანობ. მაგრამ არასდროს არ მინახავს საგარეო პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება, როგორც ამ წლის პირველ ნახევარში ვნახე. არსებობს ზოგიერთი ობიექტური მიზეზი, არც არის საჭირო ყველას ჩამოთვლა. თუმცა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ცხადად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს. ამ კანონით, უბრალოდ, ევროკავშირს ვერ შეუერთდებით – ეს მარტივია. ევროკავშირი, წევრი სახელმწიფოები და ვენეციის კომისია – ყველა აცხადებს, რომ ეს [კანონი] წინააღმდეგობაშია ქართველების ფუნდამენტურ უფლებებთან. ასე, რომ არის ობიექტური ფაქტორები, რომლებიც პარტნიორობას არ წაადგება”, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
პეტერ ფიშერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიის გადაწყვეტილებით, საქართველო აღარ აიღებს „ახალ ვალდებულებებს საქართველოს ფინანსური დახმარებისთვის”. ხდება დახმარების მიმდინარე პორტფოლიოს გადახედვაც.
მისივე თქმით, გერმანიამ გააუქმა ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა, წელს კი ბერლინში უნდა ჩატარებულიყო.
ელჩის თქმით, ვერ ხედავენ აზრს, მსგავსი ღონისძიება ჩაატარონ ქვეყანასთან, რომელიც ისეთ კანონებს იღებს, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
პეტერ ფიშერის განცხადებით, ევროკავშირის ფანჯარა ყოველთვის ღია არ იქნება, ვინაიდან ეს, მათ შორის, პოლიტიკური პროცესია, პოლიტიკა კი იცვლება. თუმცა, ამ დროისთვის ფანჯარა ჯერაც ღიაა.
„ჩვენ გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ჩვენს ინტერესებშია, თუმცა, ეს არ არის არსებითი ინტერესი. EU-ს უკვე 27 წევრი ქვეყანა ჰყავს, საკმაოდ ბევრნი ვართ. საქართველოსა და სხვა ასოცირებული ქვეყნებისთვის უფრო გადამწყვეტია კითხვა, უნდა დაფიქრდნენ, უნდათ თუ არა გაწევრება. ვურჩევ, ამ კითხვაზე კონცენტრირდნენ”, – განაცხადა ელჩმა.
გუშინ, 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის გაწევრების პროცესი გაჩერებულია.
მისივე თქმით, გაიყინა 30-მილიონევროიანი დახმარება საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის.