კომპანია Glovo დაჭრილ კურიერთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია ღიაა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობისთვის და თავადაც იკვლევს ინციდენტს. მათივე თქმით, Glovo კურიერის ოჯახს ფინანსურადაც დაეხმარება.
„Glovo ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერს უკავშირდება. გვსურს, გულითადი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კურიერის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ პერიოდში, ხოლო კურიერს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.
Glovo-ს პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ინციდენტის შეტყობინების წუთიდან ჩვენ ვინარჩუნებდით მჭიდრო კავშირს კურიერის ოჯახთან, უზრუნველვყავით ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და დამატებითი მითითებები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
Glovo ღიაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის, ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი, თავის მხრივ, საფუძვლიანად იკვლევს ინციდენტის გარემოებებს. ვრჩებით მჭიდრო და მუდმივ კავშირზე კურიერთან და მის ოჯახთან და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ფინანსური დახმარება გავუწიოთ მათ ჩვენი სადაზღვევო პროვაიდერის დახმარებით და საკუთრივ Glovo-ს მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
6 ივლისს თბილისში გლოვოს კურიერი დაჭრეს. კურიერის ოჯახის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ჯერ სცემეს, შემდეგ კი სამჯერ ესროლეს.
ექიმის ცნობით, კაცს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მიმდინარეობს რებილიტაცია.
პროკურატურამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებული მიმალვაშია.