„ოცნების“ ლიდერები ტრამპზე თავდასხმის კონტექსტში „გლობალური ომის პარტიას“ ახსენებენ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმას გმობენ.

განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

პრემიერმა კობახიძემ თავდაპირველად ინგლისურენოვანი განცხადება გამოაქვეყნა X-ზე:

„ღრმად შოკირებული ვარ ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმით. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მას ვგმობთ ყველა ფორმით. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები მასთან და მის ოჯახთანაა. ჩვენ ამერიკელ ხალხთან ვდგავართ!“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინგლისურ ენაზე, X-ზე.

მოგვიანებით კი Facebook-ზე გავრცელებულ ქართულენოვან განცხადებაში მან მომხდარი გლობალური ომის პარტიას დაუკავშირა.

„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს“, – დაწერა მან Facebook-ზე.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ  გამოქვეყნებულ განცხადებაში გლობალური ომის პარტია და ლიბერალური ფაშიზმი ახსენა:

„გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო – დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით! პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა.

პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას!

პ.ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…“, – დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა“.

„ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა. პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და სოლიდარობას გამოვთქვამ მისი ოჯახის მიმართ. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ!“, – დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტრამპზე თავდასხმას გმობს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძეც.

„გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა- საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება. თავდასხმას შეეწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები.

ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას!

ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს კი ვუსურვებთ მშვიდობას და საკუთარი არჩევანის მშვიდ, სამართლიან გარემოში გაკეთებას!“, – დაწერა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აკრიტიკებს მათ, ვინც „ფიცოს ბედის გაზიარებაზე“ კობახიძის განცხადება არ დაიჯერა და წერს, რომ „აგენტები და სასარგებლო იდიოტები“ ტრამპისთვის სროლის გამართლებასაც დაიწყებენ.

მომხდარს გლობალური ომის პარტიას უკავშირებს ირაკლი ზარქუაც:

„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ში მომხდარ იმ ტერაქტს, რაც მოხდა, პირდაპირ გეტყვით მომავალ პრეზიდენტზე თავდასხმა და ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება იმ გლობალური ომის პარტიის მხრიდან თავის ოპონენტებს, მოწინააღმდეგეებს, განსხვავებული აზრის თუ იდეოლოგიის პირებს როგორ ესხმის თავს. ჯერ ვნახეთ ევროპაში ფიცო, შემდეგ გახსოვთ თქვენ ჩვენს პრემიერ-მინისტრზე ის მუქარა და ახლა უკვე დაგვირგვინება პრეზიდენტობის კანდიდატზე საერთოდ ტყვიის გასროლა და ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნოდ სად? აშშ-ში, რომელიც იყო მაგალითი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, განსხვავებული აზრის მიღების… ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის, თან ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არაა დაცული, ახლა ის ხელისუფლება რომ გამოვა და მე გამაკრიტიკებს და მორალს წამიკითხავს, როგორ უნდა დავიცვა ადამიანის უფლებები და როგორ უნდა მქონდეს განსხვავებულის მიმღებლობა და როგორ უნდა შევამცირო პოლარიზაცია, სამწუხაროდ, ვერ მივიღებ. სამწუხაროდ, ჩაფლავდა აშშ-ის ამ ხელისუფლების პერიოდში ამერიკა, როგორც დემოკრატიის შუქურა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


პენსილვანიის შტატში, ბატლერში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს  პრეზიდენტობის კანდიდატს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესროლეს. FBI-იმ მომხდარი მკვლელობის მცდელობად შეაფასა.

სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მოქალაქე, ორი კი დაშავდა.

FBI-ის ინფორმაციით, დნმ-ის ტესტის მიხედვით, მსროლელი იდენტიფიცირებულია, 20 წლის თომას მეთიუ ქრუქსი. შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.