საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაზე მსჯელობა დღემდე არ შემდგარა - წულუკიანი

პუბლიკა

უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საყოველთაო კარანტინის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მსჯელობა არ ყოფილა.

„საყოველთაო კარანტინი უნდა გამოცხადდეს თუ არა, არის ეს დრო ახლოს თუ შორს, ამაზე  არავითარი მსჯელობა უწყებათაშორის სხდომაზე დღემდე არ შემდგარა, რადგან ჩვენ გვაქვს იმის ღრმა რწმენა, რომ თითოეული რეკომენდაცია, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებისთვის, თითეული ჩვეგანისთვის ვრცელდება, ამ რეკომენდაციებს თითოეული ჩვენგანი კარგად დავიცავთ და არ იქნება ამ ზომის გამოცხადება საჭირო. ყოველ შემთხვევაში დღემდე არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, რომ ამის საჭიროება არსებობს და არ ყოფილა საჭიროება გვემსჯელა და მიგვეღო ამ მიმართულებით რაიმე ტიპის გადაწყვეტილება“, – განაცხადა წულუკიანმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ჯერჯერობით, საყოველთაო კარანტინზე რეკომენდაცია არ გაუცია.

„ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაცია ჩვენგან არ არის, როგორც კი ამის საჭიროებას დავინახავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს განხორციელდება მომენტალურად, როგორც აქამდე ყველაფერი ხდებოდა“, –  განაცხადა პაატა იმნაძემ.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 81-მდე გაიზარდა, – მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე აისახა.

გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მათმა რიცხვმა ამ დროის მონაცემებით 13-ს მიაღწია;

კარანტინის რეჟიმში – 4 427 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257.