ადმინისტრაცია: ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 18 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.

50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია.

სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები.

პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.