ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორებების სახით წარადგინა.
ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ქალბატონმა შაჰინმა შესწორება წარადგინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში, რომელიც 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს”. – წერია ვებგვერდზე.
ხოლო კანონპროექტში ვკითხულობთ:
„ამ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 120 დღისა, თავდაცვის მდივანი ჩაატარებს განხილვას, რათა დაადგინოს, უნდა გააგრძელოს თუ არა თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოსთან უსაფრთხოების თანამშრომლობის, გემების ვიზიტებისა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების მხარდაჭერა. ასეთი განხილვა უნდა მოიცავდეს იმის შეფასებას, არის თუ არა საქართველოს მთავრობა საკმარისად ერთგული, დაიცვას საერთო ღირებულებები და გააძლიეროს უსაფრთხოების საერთო ინტერესები, რომლებზეც ემყარება აშშ-საქართველოს ორმხრივი თავდაცვის ურთიერთობა”.
ჯინ შაჰინის მირ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან.
შაჰინის კანონპროექტი შექმნის ჩარჩოს, რათა პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის“ დაწინაურებაზე ან მისი მიღების ხელშეწყობაზე.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, „რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს“.