გეგელია: დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ საინტერესო ალტერნატიულ პლატფორმას

პუბლიკა

დღეს, 17 ივლისს, 21:00-ზე „ლელო“ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განაცხადს გააკეთებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანდებიან „ლელო“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“.

„ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ დღეს საზოგადოებას წარუდგენენ „საინტერესო ალტერნატიულ პლატფორმას“.

„დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ საინტერესო ალტერნატიულ პლატფორმას ძლიერი საქართველოსთვის, ძლიერი განვითარების კურსისთვის და ევროპული პერსპექტივის დაცვისთვის. იქნება ძალიან საინტერესო პლატფორმა, რომელიც, როგორც დავპირდით საზოგადოებას, არის ორიენტირებული რომ დასრულდეს ორპოლუსიანობა და ამ ქვეყანაში აღარ დაბრუნდეს წარსულის პოლიტიკური ლოგიკები“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ანა დოლიძე „TV პირველს“ ეუბნება, რომ ამ ეტაპზე რომელიმე სუბიექტთან შეთანხმებულები არ არიან.

„ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის, შევქმნათ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაგრამ არანაცური ერთობა. ჩვენთვის, პარტია „ხალხისთვის“ კონსულტაციების და სამუშაო ურთიერთობების მანძილზე ყოველთვის იყო ეს. ამ მიზნით სამუშაო ურთიერთობა გვაქვს ძალიან ბევრ პარტიასთან. ამ ეტაპზე ხელში არ გვიჭირავს რამე განცხადება მოსახლეობისთვის, რამე უკვე შეთანხმებასთან დაკავშირებით, როცა ეს შეთანხმება ვინმესთან იქნება მიღწეული, მოგახსენებთ“, – ამბობს ანა დოლიძე.

„ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენი ხალხის ინტერესები ყოველთვის იდგეს პირველ ადგილას და არც ერთი ჯგუფი, მათ შორის, ივანიშვილის პარტია, არ უშლიდეს ხელს საქართველოს სრულფასოვან გაწევრბას, დაბრუნებას ევროპულ ოჯახში.

ღია იქნება კარი ყველა იმ ძალისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო, ადამიანის უფლებები, ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ, „თავისუფლების მოედნის“ წევრმა.