„ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

პუბლიკა

„ლელო“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

„ეს არჩევნები არის წყალგამყოფი, ან ვიქნებით რუსულ ჭაობში ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში ღირსეულად, იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, მოქალაქეობა, დროშა და გერბი იქნება მაღლა აწეული.

ამისთვის ერთი რამეა საჭირო – ერთობა. ბრძოლა არის დიდი და ძლიერ საქართველოს გაერთიანების გარეშე ვერ დავაყენებთ ფეხზე, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გაერთიანების გადაწყვეტილება ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან – ამ არაჩვეულებრივ, მებრძოლ ქალთან, ანა დოლიძესთან, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს გამჭვირვალე და ნათელი, რომ ჰქონდეს გამჭვირვალე სასამართლო და მოწესრიგებული სისტემა, რომ შვილები და ბავშვები არ შიმშილობდნენ და უამრავი რამ, რაშიც ანას მთელი ენერგია და ცოდნა აქვს ჩადებული.

მე მიხარია, რომ ლევანი [ცუცქირიძე], რომელიც მთელი თავისი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში თავის არაჩვეულებრივ მეგობრებთან ერთად – ყველა ეს ადამიანი არის პროფესიონალიზმით გამორჩეული – არასდროს პოლიტიკაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ ქვეყნის ყველა მიმართულებით ისინი ძალიან სერიოზულ ფუნდამეტს ქმნიდნენ – ესაა განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა თუ სხვა. ბედნიერი ვარ, რომ ლევანმა და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, შემოვიდნენ პოლიტიკაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ახალი გაერთიანების წარდგენისას.

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ეს გაერთიანება ნაბიჯია საქართველოს დეოკუპაციისკენ და ევროპული არჩევანისკენ.

„ზუსტად სამი თვის წინ რიყეზე შეკრებილმა 300 ათასმა ადამიანმა და მათმა ოჯახებმა პოლიტიკოსებს მოგვცეს ერთი დავალება: შეცვალეთ ხელისუფლება, იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს საბოლოო დეოკუპაცია და განხორციელდეს ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი. ეს დავალება ასი წლის წინ გასცა ჩვენმა ბოლშევიკებისგან ნაწამებმა პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ, როცა მან მიმართა თავის წერილში საერთაშორისო საზოგადოებას და უთხრა, ორი რამ გვინდა – საქართველოს დეოკუპაცია და მოგვეცეს ქართველებს საშუალება, ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და დღეს ეს არჩევანი, ისევე როგორც მაშინ, არის დასავლეთი და ევროპა.

დღეს ჩვენ ვინც აქ ვართ, გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად და ეს ნაბიჯია გაერთიანება, ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს. ამ ამოცანისთვის შეიძლება რაღაცები დავთმეთ, გვერდზე გადავდეთ, შეიძლება, პიროვნული გემოვნება გვერდზე გადავდეთ, მაგრამ ეს არაა დრო, რომ ახლა ჩვენ ვეძებოთ სრულყოფილი ადამიანები. დღეს გვაქვს ძალიან სერიოზული საქმე გასაკეთებელი. ჩვენ ვართ განსხვავებულები, კი, შეიძლება, რაღაცებში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ როგორც ქართულ ტრადიციებშია, ეს სხვადასხვაობა არის ჩვენი ტრადიციების და კულტურის სიძლიერე […] ჩვენ არავიზე გამარჯვება არ გვინდა, ჩვენ არავიზე არ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ ერთიან და ძლიერი საქართველოსთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

„თავსუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ესაა პატრიოტი და პატიოსანი ხალხის ერთობა, რომელმაც პოლიტიკაში ბევრი რამ უნდა შეცვალოს. მისი თქმით, საქართველოში იწყება ცვლილებების ეპოქა და მათ აქვთ ამბიცია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ამ ცვლილებაში.

„ამაზე კარგ გაერთიანებას ქართულ პოლიტიკაში ვერ ნახავთ“, – მიმართა მან მხარდამჭერებს.

„მიხარია, რომ დღეს დაიბადა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური ოჯახი ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის შუაგულში, ის რასაც ქართველი ამომრჩეველი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, ითხოვდა, უფრო სწორად, მოითხოვდა და მე მოხარული ვარ, ამაყი ვარ, რომ ასეთ პროფესიონალებთან, ასეთ პატრიოტ ადამიანებთან ერთად შემოვდივარ ამ საქმეში.

ესაა პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანების პოლიტიკური გაერთიანება, ახალი ნაბიჯი, ახალი სიცოცხლე, ახალი ენერგია ქართულ პოლიტიკაში, რომელმაც მინიმუმ სამი რამ უნდა შეცვალოს.

პირველი – ჩვენ უნდა დავასრულოთ ცინიზმის, ზიზღის, ქილიკის და შეურაცხყოფის ეპოქა ქართულ პოლტიკაში. ეს ჩემი აზრით მთავარი რამეა. მანამ, სანამ პოლიტიკა არ გახდება ჩვეულებრივი საქმე და პოლიტიკაში მონაწილეობა ექიმების, პედაგოგების, საჯარო მოხელეების, სხვების იქნება გმირობის ტოლფასი, იქამდე ჩვენი პოლიტიკის ნორმალიზაცია ვერ მოხდება და თუ ვერ მოხდება ჩვენი პოლიტიკის ნორმალიზაცია, ვერ მოხდება ჩვენი პოლიტიკის დემოკრატიზაცია და ვიქნებით ღრმა კრიზისში, რაც ფიტავს ქვეყანას;

მეორე – ესაა ტყუილის და მლიქვენლობის ეპოქა. ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ბოლო დროს თავს იწონებს, რომ ეკონომიკა 20-25%-ით გაიზარდა. მოგმართავთ, რომელიმეს ცხოვრება გაუმჯობესდა? კი, ცხოვრება გაუმჯობესდა ვიღაცისთვის, მაგრამ ეს არის „ოცნების“ ელიტა, რომელიც ხალხის ხარჯზე მდიდრდება და 50-მილიონიანი ოფისიდან ასეულობით ათას ემიგრანტს, ათეულობით ათას ბავშვს, რომელიც ვერ იკვებება სკოლაში, ათეულობით ათას ოჯახს, რომელიც შიმშილობს, ესაუბრება უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდაზე. ესაა ტყუილი და ეს ეპოქა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს ნამდვილი შრომის ეპოქა პოლიტიკაში;

მესამე – ჩვენთან უნდა დასრულდეს ერთპარტიულობა და უნდა დამყარდეს მრავალპარტიული დემოკრატია, რომელიც ასე გვჭირდება“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს გაერთიანება პირველი ნაბიჯია და მალე მათ სხვა ადამიანებიც შეუერთდებიან.