„ფორმულა“: პოლიციის ეკიპაჟმა მოტოციკლს გზა გადაუკეტა - მძღოლი დაიღუპა

პუბლიკა

„ფორმულას“ ინფორმაციით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე საპატრულო ეკიპაჟმა მოტოციკლის მძღოლს გზა გადაუკეტა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა და შედეგად, მძღოლის დაღუპვა გამოიწვია.

„ფორმულას“ ცნობით, შსს-ში ამბობენ, რომ მოტოციკლის მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, რის გამოც პოლიციის ეკიპაჟმა მოუწოდა, გაეჩერებინა მოტოციკლეტი, ხოლო შემდეგ დაედევნა. მოტოციკლის მძღოლი დაეჯახა მეორე ეკიპაჟს, რომელმაც ადგილზე პარალელური ქუჩიდან ჩამოუხვია და გაჩერების მიზნით გზა გადაკეტა.

მედიის ცნობით, საქმეს პროკურატურა იძიებს.

მომხდარს ერთ-ერთი მოქალაქე ტელეფონით იღებდა. „ფორმულას“ ინფორმაციით, აღნიშნულ პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან და ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

„პუბლიკა“ დეტალების შსს-სთან გადამოწმებას ცდილობს. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.