სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა დამატებით პრობლემას უქმნის მედიას - კოალიცია

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება TV პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასამართლო პროცესებზე განაცხადის სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას რთულ პირობებში უწევს მუშაობა.

საუბარია სასამართლოს ვებგვერდზე არსებულ ტექნიკურ ხარვეზზე, რის შედეგადაც, სხდომების გადაღების უფლების მოსაპოვებლად განცხადების დაწერას მედიის წარმომადგენლები ვერ ახერხებენ.

გუშინ TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ სოციალ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომებზე არც მოსამართლე უშვებს. მელაძის განცხადებით, ამ დრომდე, განმარტება არ გაკეთებულა და არც ალტერნატიული მექანიზმების შემოთავაზება მომხდარა განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით.

„მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში გულისხმობს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, ჟურნალისტების სასამართლო სხდომებზე დასწრებასა და პროცესის გაშუქებას.

სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა დამატებით პრობლემას უქმნის მედიას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლებმა პირებმა დაუყოვნებლივ გამოასწორონ არსებული ხარვეზი, უზრუნველყონ მედიების სხდომებზე დასწრება და განმარტონ პრობლემების გამომწვევი მიზეზები”, – აცხადებენ მედია კოალიციაში.

როგორც საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, ტექნიკური ხარვეზი გუშინ, 22 ივლისს აღმოიფხვრა.