კობახიძე: ბრიტანეთში 20-მდე ლიდერს შევხვდი, გავესაუბრე ბუფეტშიც, გარეთაც, შიგნითაც

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, 18 ივლისს დიდ ბრიტანეთში,  ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე 20-მდე პოლიტიკურ ლიდერს გაესაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ ჰქონდა მას შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ან თუ ჰქონდა, რატომ არ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

„ამის საშუალებას გაძლევს სამიტი სხვადასხვა ფორმით, ეს არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმა კომუნიკაციის, ვიდრე ის, რომ…როდესაც საუბარია სანდუს [მოლდოვის პრეზიდენტი] შეხვედრებზე, აბა, სად გაიმართა ეს შეხვედრები? ე.წ ბუფეტში, სადაც სხდებოდნენ პოლიტიკოსები და საუბრობდნენ”.

შეკითხვაზე, მან რატომ არ გამართა შეხვედრები ბუფეტში, კობახიძემ უპასუხა:

„სწორედ ბუფეტშიც გვქონდა, გარეთაც გვქონდა და შიგნითაც. ყველგან გვქონდა ეს შეხვედრები, ოცამდე პოლიტიკურ ლიდერთან, აქედან გამომდინარე, ამ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს“.

პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსაც, თუმცა საუბარს კონფიდენციალურობის გამო ვერ გაასაჯაროებს.

„ყველაფერთან დაკავშირებით. საინტერესო საუბარი იყო, სხვათა შორის. მისგანაც ძალიან საინტერესო მესიჯები იყო, რასაც ვერ გავახმაურებ, რადგან კონფიდენციალობა უნდა დავიცვა. იყო არაერთი პრეზიდენტი, პრემიერი, რომელთანაც მქონდა გასაუბრების საშუალება, გვერდზე მეჯდა პრეზიდენტი მაკრონი, რომელთანაც მქონდა ასევე საუბრის საშუალება და აქტიურად გამოვიყენე”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.