სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. უწყების ცნობით, სვანეთში მოქალაქეების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში 112-ში 24 ივლისს შევიდა.
ადგილობრივებმა გუშინ, 25 ივლისს, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის აფრენა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა.
ახლობლების ინფორმაციით, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ მოქალაქეს მე-6 დღეა ეძებენ. როგორც ცნობილია, ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ.