„მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავეს

პუბლიკა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 ივლისს, დილის საათებში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი მანუჩარ მჟავანაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ სუფსაში, ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ, რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა ვ.ი-მ, მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამავე დროს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ.ი-ს ძმამ ა.ი-მ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება ტუჩის არეში. ა.ი-მ ასევე დააზიანა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვიდეო კამერა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტსა და ოპერატორს”, – აღნიშნავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

ბრალდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.