ოპოზიციონერი დეპუტატები რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელს ხვალ შეიტანენ

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ხვალ, 29 ივლისს შეიტანს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თამარ კორძაია.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს 32 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას მოითხოვს.

მათივე მოთხოვნაა, სასამართლომ მიიღოს დროებითი მექანიზმი და შეაჩეროს რუსული კანონის ამოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ 2 სარჩელი შევიდა –  საკონსტიტუციოს მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

მეოთხე სარჩელს ამზადებს „მთის ამბების” დამფუძნებელი და რედაქტორი, გელა მთივლიშვილი. ის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართავს.