„სამივე სარჩელი გაერთიანდება ერთ წარმოებად" | ტურავა რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი გაერთიანდება.

„როგორც მოგეხსენებათ, კანონთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია სარჩელები. პირველი სარჩელი შემოიტანა საქართველოს პრეზიდენტმა, სადაც ის ასაჩივრებს კანონის მუხლებს და უთითებს კონსტიტუციის შესაბამის მუხლებს. მეორე სარჩელი შემოტანილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. თუ არ ვცდები, 121 არასამთავრობო ორგანიზაცია არის და ერთი მედიასაშუალება. დღეს როგორც გავიგე, მესამე სარჩელი შემოიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში და სარჩელის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები.

სამივე სარჩელი გაერთიანდება ერთ წარმოებად. საქართველოს პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი გაერთიანებულია ერთ წარმოებად. ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობს რეზოლუცია. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების სარჩელს, ეს სარჩელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმ ორ სარჩელს შეუერთდება.

კანონი არამარტო უნდა წავიკითხოთ, არამედ შედარებითი სამართლის კვლევა უნდა ჩავატაროთ და ამას 1 თვემდე მაინც დასჭირდება. ვადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს. ეს სარჩელები არ განიხილება კოლეგიის ფორმატში, პლენუმის ფორმატში განიხილება. ამ ეტაპზე მოსამართლეები სარჩელებს სწავლობენ“, – განაცხადა ტურავამ.

შეკითხვაზე,  მოესწრება თუ არა გადაწყვეტილების მიღება კანონის ამოქმედების თარიღამდე – 3 სექტემბრამდე და პროცესების გაჭიანურება ხომ არ გამოიწვევს მედიისა და არასამთავრობოების დაზარალებას, ტურავამ თქვა, რომ „ყველაფერი იქნება ისე, როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს”.

„არ დაზარალდებით, ყველაფერი იქნება ისე, როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს. ევროინტეგრაცია ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არა მგონია ევროპული ორიენტაცია მე და ჩემს მოსამართლეებს თქვენზე ნაკლები გვქონდეს. თქვენზე ნაკლები ევროპელები არ ვართ,” – აღნიშნა მერაბ ტურავამ.


საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დღეს, 29 ივლისს, რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელს 38 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას მოითხოვს. მათივე მოთხოვნაა, სასამართლომ მიიღოს დროებითი მექანიზმი და შეაჩეროს რუსული კანონის ამოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

გარდა ამისა, რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ 2 სარჩელი შევიდა –  საკონსტიტუციოს მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

მეოთხე სარჩელს ამზადებს „მთის ამბების” დამფუძნებელი და რედაქტორი, გელა მთივლიშვილი. ის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართავს.