ორბანის თქმით, ევროკომისიაში ისევ ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს

პუბლიკა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ისევ ოლივერ ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომისარმა ვარჰეიმ დაამტკიცა, რომ ევროკავშირს შეუძლია ცვლილებების შეტანა, როგორც პოზიტიურ ძალას მის სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ. ის შესანიშნავ საქმეს გააკეთებს მომავალ კომისიაში!“ – დაწერა ორბანმა X-ზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ქვეყნებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, დაესახელებინათ კანდიდატები კომისრის თანამდებობებზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და პარალელი გაავლო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს შემთხვევასთან, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის განცხადებას იმ დღესვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრის ნაწილი უკონტექსტოდ ამოიღეს და სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

19 ივლისს, რუსთავი 2-თან ინტერვიუში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვარჰეის მუქარა პირადად მისი მისამართით არ გაუჟღერებია.

„ჩემზე არასოდეს ყოფილა საუბარი, იყო მუქარა, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად – თქვენ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთშიო“, – განაცხადა კობახიძემ.