საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ADC-ის სარჩელზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” (ADC) სამეთვალყურეო საბჭო განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ADC-ის სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობას და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას.
„არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია – ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.
დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა განმარტა, რომ არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.