იმისთვის, რომ არჩევნებში თქვენი ხმა არ დაიკარგოს | როგორაა შესაძლებელი ახალ მისამართზე გადაწერა

პუბლიკა

თუ მაგალითად თბილისში მუშაობ ან სწავლობ და არჩევნებში ხმის მისაცემად რაიონში წასვლა თქვენთვის დამატებითი გამოწვევაა, აგიხსნით, როგორ შეძლებ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას;

ახალ მისამართზე გადაწერა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე იუსტიციის სახლში მისვლით.

ორივე შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

თუ ბინის მესაკუთრე თავად ხართ, ცხადია, რეგისტრაციის ადგილის შეცვლისთვის მხოლოდ საკუთარი მონაცემები დაგჭირდება.

ხოლო თუ რეგისტრირდებით, მაგალითად, ნათესავთან, დაგჭირდებათ ბინის მესაკუთრის ნებართვა ან ორი პირის დასტური.

ადგილზე მისვლის შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობის დაფიქსირება შესაძლებელია:

• თუ ის თავად მოვა იუსტიციის სახლში;

• ელექტრონული ფორმით – ე.წ. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;

• ნოტარიულად დამოწმებული.

რაც შეეხება მოწმეებით რეგისტრაციას, ამ შემთხვევაში, საჭიროა ორი ნებისმიერი სრულწლოვანი მოწმის ადგილზე გამოცხადება, რომლებიც დაადასტურებენ, რომ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობთ კონკრეტულ მისამართზე.

როგორ შეძლებთ დისტანციურად განაცხადის წარდგენას:

დისტანციური სერვისით ზემოთ ჩამოთვლილი ორივე გზის არჩევა შეგეძლებათ – მესაკუთრის თანხმობით ან ორი პირის დასტურით.

განაცხადის გასაკეთებლად, უნდა შეხვიდეთ სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge.

მოძებნით დისტანციურ სერვისებს, დააკლიკებთ და ჩამონათვალში ნახავთ – რეგისტრაციის ადგილის შეცვლას. შემდეგ დაინახავთ გრაფას – ახალი განაცხადი და მიჰყვებით ინსტრუქციას.

წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ თქვენი ფოტოსურათი, თუ მესაკუთრის თანხმობით რეგისტრირდებით – მესაკუთრის, ხოლო ორი პირის დასტურის შემთხვევაში მათი ფოტოსურათები. მას შემდეგ, რაც განაცხადს გააკეთებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროცედურისთვის საჭიროა პროგრამა „სკაიპი“.  მასში თქვენთან ერთად უნდა ჩაერთოს ყველა პირი, მესაკუთრე იქნება ეს თუ ორი მოწმე.

გასათვალისწინებელია ვადების საკითხი: თუ მესაკუთრე ხარ ან მესაკუთრის ოჯახის წევრი/ნათესავი – ახალ მისამართზე რეგისტრაციას 5 დღე დასჭირდება. სხვა შემთხვევაში კი 1 თვე. ამ ვადას ელექტრონულად განაცხადის შევსების დროსაც ნახავთ.

ამას გარდა, გასათვალისწინებელია საარჩევნო ციკლთან და ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებული ვადები, რის გამოც, რაც უფრო მალე დაიწყებთ ამ პროცესს, მეტად დაზღვეული იქნებით, რომ ხმის მიცემისას პრობლემა არ შეგექმნებათ.