აშშ აჩერებს $95-მილიონიან დახმარებას, რითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს - ბლინკენი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას დახმარებას უჩერებს.

„23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, განვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება“, – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს:

„საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ყალბი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. სანამ ჩვენ მისივე ნაბიჯების გამო ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისადმი დახმარებას, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ეხმარება საქართველოს ხალხის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიის და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ჩვენს ორ ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის 32 წელზე მეტი ხნის მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში, შეერთებული შტატების მოსახლეობამ საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და გაძლიერების საქმეში წვლილი 6.2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებით შეიტანა. ჩვენი მხარდაჭერა ეხმარებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნას, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობას, მასწავლებლების, საჯარო მოხელეებისა და სამედიცინო პერსონალის დატრენინგებას. ჩვენ ქართველი ხალხისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგულნი ვრჩებით“, – წერს ენტონი ბლინკენი განცხადებაში.