საჩხერის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს 1000-1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ადვოკატის, ლადო ქუთათელაძის თქმით, სავარაუდოდ, სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
სასამართლოს „მაღაროების დაზიანებისკენ მიმართულ ორგანიზებულ მოქმედებაში“ მონაწილე სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
პროკურატურამ სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეების, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ, 31 ივლისს წარუდგინა.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეები უკვე 142-ე დღეა, კოროხნალის მაღაროსთან აქციას მართავენ. მათი თქმით, სოფელში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად, ადგილობრივებს დაენგრათ და დაებზარათ სახლები, რის გამოც ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ისინი კომპანიისგან ზარალის შეფასებასა და მის სრულ ანაზღაურებას მოითხოვენ.
ისინი მოითხოვენ იმ პირობების შესრულებას, რომლებიც 2021 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს.
2021 წელს შუქრუთის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდა – დაინგრა სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. პროტესტის მონაწილეებმა მაშინ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს იმ მოთხოვნით, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აენაზღაურებინა შუქრუთის მოსახლეობის ზარალი.
2021 წლის 10 ივნისს კომპანია ამტკიცებდა, რომ შეთანხმება მათსა და მოსახლეობას შორის შედგა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაშინ განაცხადა, რომ ზიანის შესაფასებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურად მიმართა. პროტესტის მონაწილეებმა მიიღეს დაპირება, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო მათ ზარალს შეაფასებდა. ასევე, ბიურო შეაფასებდა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორესა და ქონების საბაზრო ღირებულებას.
შუქრუთის მოსახლეობა ამბობს, რომ დაპირებები არ შესრულებულა. 2024 წლის 14 მარტს ადგილობრივები ისევ გაიფიცნენ. მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულიად უგულებელყო სამი წლის წინ მათთან დადებული შეთანხმება. მოსახლეობა ამბობს იმას, რომ კომპანიას არამც თუ აუნაზღაურებია რაიმე ზარალი, არამედ არც კი მიუღიათ პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან.