სტანო: მთავრობისთვის ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ

პუბლიკა

ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-სთან საუბარში განაცხადა, რომ რუსული კანონის ძალაში შესვლის ფონზე, ევროკავშირი საქართველოსადმი დახმარების შეჩერებას განიხილავს.

სტანოს განცხადებით, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური „სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”, ხოლო კონტროვერსიული კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“. (IPN-ის თარგმანი).

სპიკერის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ოფიციალურ პირებთან – „ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული“. (IPN-ის თარგმანი).

„[საქართველოს] მთავრობისთვის ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ (IPN-ის თარგმანი)“, -განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა „ევროპის მშვიდობის მექანიზმის“ ფარგლებში უკვე გაყინა 20 მილიონი ევრო, რომელიც სამხედრო დახმარებისთვის იყო გამოყოფილი.