თუ რომელიმე პროექტი შეჩერდა ან დაპაუზდა, გაირკვევა - გამყრელიძე აშშ-ის დახმარებაზე

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე TV პირველთან აღნიშნავს, რომ თუ მსგავსი გადაწყვეტილებები მართლაც მიღებულია, ის, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

„ვფიქრობ, რომ ამ კვირაში… თუ რომელიმე პროექტები შეჩერდა ან დაპაუზდა – მე მაინც მგონია, რომ ისინი არ შეწყდება. თუ ლაპარაკია, მხოლოდ რაღაც პერიოდზე იქნება საუბარი. არა მგონია, რომ ჩვენმა მთავარმა პარტნიორმა გაწყვიტოს ურთიერთობა ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის სფეროსთან.

ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს გაირკვევა, რა ფორმატით, რა მოცულობით, თუ მართლა არის მიღებულია მსგავსი გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში უნდა იქნეს. რატომღაც, შინაგანად მგონია, რომ იქნებ არ მოხდეს ეს. იმდენად მე ფინანსურს არ ვუსვამ ხაზს, რამდენადაც ეს პარტნიორული ურთიერთობების შეჩერება ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. ლუგარის ლაბორატორია გახლავთ ქვეყნის საგანძური”, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეს, ის ფორმულასთან ამბობს, რომ დახმარება ჯერ არ შეწყვეტილა, თუმცა „არის რაღაც პროექტები, რაზეც არის ლაპარაკი”. რა პროექტებზეა კონკრეტულად საუბარი, იმნაძე აღნიშნავს, რომ „ჯერ ვერაფერს იტყვის”.

ინფორმაციის გადამოწმებას „პუბლიკა“ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ცდილობს, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.