პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) აფგან სადიგოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

პუბლიკა

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) ითხოვს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის,  Azel.tv-ის მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას საექსტრადიციო პატიმრობიდან.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვას საქართველოდან”, – წერია IPI-ს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.

 

სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს. 4 აგვისტოს კი მოსამართლემ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ექსტრადირებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ის ციხეში დარჩება.

შსს-ს განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტზეა ძებნილი და ის ექსტრადირების მიზნით დააკავეს.

სადიგოვის ოჯახი აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს და ამბობენ, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ალიევის რეჟიმი სადიგოვს სასტიკად გაუსწორდება.

დაკავებამდე სადიგოვს 18 ივლისს თბილისიდან გაფრენის შესაძლებლობა არ მისცეს. აეროპორტში განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ბაქოსკენ აიღებდა გეზს.

ამის შემდეგ სადიგოვი საჯაროდ ამბობდა, რომ საქართველოში ის თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. შეხვდა ომბუდსმენსაც. მის უფლებებს სამოქალაქო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“იცავს.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.

ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაკავებული, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს. 2020 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.

2021 წელს პატიმრობის ვადა სადიგოვს უზენაესმა სასამართლომ 4 წლამდე შეუმცირა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.