პროფესორი, რომელიც ტურავას სტრასბურგში იცავდა, რუსულ კანონზე საკონსტიტუციოს მიმართავს

პუბლიკა

ოსნაბრუკისა (გერმანია) და ბონდის (ავსტრალია) უნივერსიტეტის პროფესორები – ალბრეხტ ვებერი და ვოლფგანგ ბაბეკი რუსულ კანონზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

სწორედ ალბრეხტ ვებერი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი თავმჯდომარის მერაბ ტურავას წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში, როდესაც ის წინა ხელისუფლების დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობიდან გათავისუფლებას ასაჩივრებდა.

ეს საქმე ცნობილია როგორც „მეამბოხე მოსამართლეების“ საქმე – 2005 წლის ზაფხულში „ნაციონალური მოძრაობის” დროს იუსტიციის საბჭოს მეშვეობით 15 მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყო. ამ მოსამართლეთაგან ოთხი (ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი), „მეამბოხე მოსამართლეების” სახელით იყვნენ ცნობილი. მოსამართლეთა ნაწილი საბჭომ გაამართლა, ნაწილს შენიშვნა მისცა. ყველაზე მკაცრი სასჯელი – თანამდებობიდან გათავისუფლება კი ამ ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების წინააღმდეგ გამოიყენეს. „მეამბოხე მოსამართლეებმა“ მათ წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდეს.

რა მოსაზრება აქვთ პროფესორებს რუსულ კანონზე?

„საქართველოს კანონი გამჭვირვალობის შესახებ მისი არსებული ფორმით, შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან“, – ვკითხულობთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ტექსტში.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას ეხება. კერძოდ: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად:.

ავტორები წერენ, რომ კანონის მიღებისას:

„როგორც გამოჩნდა, კანონმდებელმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია 78-ე მუხლში განსაზღვრულ ვალდებულებას. ამის საპირისპიროდ, გამჭვირვალობის კანონის განმარტებითი ბარათი სრულდება იმაზე არასწორი მითითებით, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც ევროკავშირის სამართლის ნაწილია. დამატებით, განმარტებითი ბარათის დებულება არასწორად აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის კანონი გავლენას არ ახდენს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ვალდებულებაზე.

აღნიშნული ვალდებულება კი არამხოლოდ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს, არამედ 78-ე მუხლით განსაზღვრული, საქართველოს საკუთარი კონსტიტუციური სახელმწიფო ვალდებულებაცაა. როგორც უკვე აღინიშნა, 78-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება ყოველთვის a priori მოქმედებს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მათივე თქმით, 78-ე მუხლით დადგენილ სახელმწიფო ვალდებულების შეუსრულებლობას, შეიძლება ჰქონდეს სერიოზული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები.

„ქვეყანას თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მას უნდა ჰქონდეს, მაგალითად, სტაბილური ინსტიტუტები დემოკრატიის დასაცავად, კანონის უზენაესობისთვის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დასაცავად, საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის და უნარი გაუმკლავდეს ევროკავშირის შიდა კონკურენტუნარიან ბაზარს. შესაძლებლობა, შეასრულოს ევროკავშირის წევრობის მოთხოვნები, როგორიცაა მაგალითად ევროკავშირის ყველა რეგულაციის იმპლემენტაცია და ევროკავშირის მიზნების მხარდაჭერა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მათივე თქმით, როცა მუხლი ფორმულირებულია მტკიცებით ფორმაში – „მიიღონ ყველა ზომა“,  დებულების ყოვლისმომცველი შინაარსი გულისხმობს იმას, რომ ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპის კავშირში, ასევე თანაბრად აკრძალულია.

მათივე განმარტებით, 78-ე მუხლის შინაარსი, უფრო კონკრეტულად კი სიტყვები – „ყველა ზომა“ გულისხმობს მუხლის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და უნდა იყოს გაგებული როგორც ისეთი ღონისძიებების შემზღუდველი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან  მუხლის მიზანს – ანუ ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას.

მათივე თქმით, ეს გულისხმობს, რომ ყველაფერი უნდა განხორციელდეს მიზნის შესაბამისად, მაგრამ ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება მას.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არ გვქონია დეტალური წვდომა გამჭვირვალობის კანონის საჭიროების სასარგებლო არგუმენტების ჩამონათვალზე, გარდა საბაზისო განმარტებითი ბარათისა, ჩვენამდე არ მოუღწევია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამჭვირვალობის კანონის არმიღება ან მისი არსებითი ცვლილებები გამოიწვევდა საქართველოს საჯარო წესრიგის ჩამოშლას, დემოკრატიის მარცხს ან კანონის უზენაესობის დისფუნქციას. ნაცვლად ამისა, განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ გამჭვირვალობის კანონი „მხოლოდ ინფორმირების მიზანს ისახავს“. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიის ზოგადი ხელყოფაც კი ვერ ჩაითვლება დემოკრატიული პრინციპების მყისიერ საფრთხედ, რადგან არსებობს მრავალი შესაბამისი ღონისძიება, რომელიც შეიძლება ამ დროს იქნას გამოყენებული“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეჯამების სახით პროფესორები აღნიშნავენ, რომ გამჭვირვალობის კანონის გარკვეული დებულებები არ შეესაბამება ძირითად ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი (ECHR; ICPCR) და შეუთავსებელია კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან. დამატებით, კანონი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

ვრცლად სასამართლოს მეგობრის მოსაზრება იხილეთ ბმულზე;