პროკურატურამ ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინა.

გუგუჩიას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა „POSTV“-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, გამოძიების ვერსიით, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვეღარ შეძლეს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტი ნ.ბ. და ოპერატორი ბ.დ., ვ.გ.-სთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ტელეკომპანია „POSTV-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურა სასამართლოს გუგუჩიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

 

საქმე ეხება 31 მაისს მომხდარ შემთხვევას, როცა ვიტალი გუგუჩიასთან სახლში, სამეგრელოში, სოფელ კახათში POSTV-ის სახე, ნათია ბერიძე ოპერატორთან ერთად მივიდა.

გუგუჩიას ცოლის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ სახლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ ოჯახის წევრები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვებიც.

ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას „მეგის ქარდავას ხელის ბიჭს” და „ჩახდილს” უწოდებდა და სხვადასხვა ბრალდებას უყენებდა.

ის და მისი ოჯახის წევრები POSTV-ის ჯგუფს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, რასაც ნათია ბერიძე არ დაემორჩილა და პროვოკაციული კომენტარების გაკეთებას აგრძელებდა.

ხმაურის დროს ვიტალი გუგუჩიამ აგინა ოპერატორსაც, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა და გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენიმე ადამიანს მიახტა/ფეხი დაარტყა. შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

ვიტალი გუგუჩია თბილისში სურსათის მაღაზიის მფლობელია.

28 მაისს „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს, რომელიც მას რუსული კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა, იქვე მდებარე მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი ფორთოხალი ესროლა. მომდევნო დღეს ჯაფარიძე ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა. თუმცა, მაღაზიის მფლობელმა ვიტალი გუგუჩიამ მას უთხრა, რომ ,,ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან [რუსული კანონისთვის ხმის მიცემით] შვილებს მომავალი წაართვა”.