ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის აშშ-ის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას – ის ამბობს, რომ საუბარია მხოლოდ რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე.
„გუშინ ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის. ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.
[…] საუბარი არის რეალურად რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არცერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ადასტურებს, რომ ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აშშ-მა 2 მილიონამდე ლარის დახმარება შეუწყვიტა. ის აცხადებს, რომ ეს დახმარება არ შეაფერხებს მათ მუშაობს და შეეხება მხოლოდ „რამდენიმე მიმდინარე პროექტს”.
„როცა ვსაუბრობთ ლუგარის ლაბორატორიაზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრზე, 95 მილიონზე და ასეთ ასტრონომიულ რიცხვებზე საუბარი არ არის. საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარზე. აქედანაც, ბუნებრივია, შეფასება დასჭირდება ყველაფერ ამას, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს”, – ამბობს სარჯველაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას დახმარებას უჩერებს.
„23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, განვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება“, – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
„ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, ამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც უნდა წასულიყო“.