საია: ომის დროს დაზარალებულთათვის ფონდის შექმნაზე მიმართვას საგარეოსგან უკუკავშირი არ მოჰყოლია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ომის შედეგად დაზარალებულებისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შესაქმნელად საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 იანვარს მიმართეს, თუმცა უწყების მხრიდან უკუკავშირი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„საიამ 2024 წლის 26 იანვარს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოუწოდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები ევროპის საბჭოში აგვისტოს ომის შედეგად და შემდგომ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებულებისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შესაქმნელად. საიას მიმართვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უკუკავშირი ამ დრომდე არ მოჰყოლია.

აუცილებელია, სახელმწიფო ყველა დიპლომატიურ და საერთაშორისო-სამართლებრივ მექანიზმს იყენებდეს რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

ამის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება ,,რუსული კანონით“ ღიად ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებების დასაცავად. რუსული კანონი და სხვა უფლებების მომეტებულად მზღუდავი ტენდენციები, ასევე, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს”, – აღნიშნავენ საიაში.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.