ზურაბიშვილი ლუგარზე: ხელისუფლება შეგნებულად ანგრევს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ლუგარის ლაბორატორიისთვის აშშ-ის დაფინანსების შეჩერებას და ხელისუფლებას ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებაში ადანაშაულებს.

„ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ვერც გაიზომება. მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. იმ დროს, როცა ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლები კატასტროფულ ნიშნულზეა ჩასული, როცა ასი ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს.

მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცვლელი ვრჩებით მოსალოდნელი პანდემიების წინაშე.

აქ მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი, არამედ რეპუტაციულ ზიანზე, ათწლეულობით შექმნილი პროფესიული კავშირების გაწყვეტაზე და ორ ქვეყანას შორის გამყარებულ ნდობასა და თანაშრომლობის ზურგის შექცევაზე.

თან შეურაცხყოფასაც არ ვაკლებთ მეგობარს, პარტნიორს, რომელიც ყველაზე ბნელ დროს გვაწვდიდა უფასო მედიკამენტებს, აცრებს, აპარატურას და რომლის დახმარებით ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაურჩა ც ჰეპატიტს, შიდს, ღორის გრიპს, კოვიდს…. აქ ასევე საუბარია ცოდნის გაცვლაზე, ტრენინგებზე რის გარეშეც ვერ გავზრდით ხვალინდელი დღის მაღალი დონის პროფესიონალებს. იზოლაცია მეცნიერების მტერია! რადგანაც საფრთხეში აყენებენ საქართველოს მიერ მოპოვებულ აღიარებას – სანდო და თანასწორ პარტნიორობას.

მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს”, – წერს ზურაბიშვილი.


ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საუბარია მხოლოდ რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე.

„ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის. ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.

[…] საუბარი არის რეალურად რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არცერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება”, – განაცხადა სარჯველაძემ.