„ოცნების” პრესსამსახური: 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს რუსეთში ქონება არ შეუძენია

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრესსამსახურში „მტკნარ სიცრუეს” უწოდებენ ბიძინა ივანიშვილზე მომზადებულ საგამოძიებო მასალას, სადაც საუბარია, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბოლო წლებში რუსეთში ქონება შეიძინა.

„პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“.

კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. მსგავსი ტყუილების გავრცელება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არათუ არ ჯდება რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებში, საერთოდ გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებთ სტატიის ავტორებს.

1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა”, – აღნიშნავენ „ოცნების” პრესსამსახურში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, მათი თანაავტორობით ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში რეზიდენციებსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს.

გამოძიების თანახმად, საუბარია სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო) მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.