დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ლაშა სუხიშვილი, რომელიც თანაავტორია შოვის სტიქიის კვლევის ახალი მასალების, გუშინ, 9 აგვისტოს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
„პუბლიკასთან” ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ როგორც უწყებაში განუმარტეს, აღნიშნული კვლევა უნდა დაერთოს შოვის სტიქიის გამოძიების საქმეს და ამისთვის შესაბამისი პროცედურების გავლა იყო საჭირო.
„ერთი კვირის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ შოვის სტიქიის კვლევის ახალი მასალები. ორშაბათს დამიკავშირდა გამომძიებელი და მითხრა, რომ ეს მასალები უნდა შევიდეს გამოძიებაში, რაც სწორია”, – ამბობს ლაშა სუხიშვილი.
ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ გამოკითხვის პროცესი და გარემო თანამშრომლობითი და ცივილური იყო, თუმცა მას კითხვებს უჩენს რამდენიმე გარემოება, მათ შორის ის, რომ უწყების წარმომადგენელთა შეკითხვები ძირითადად სეისმოლოგიასთან იყო კავშირში, რაც მის კომპეტენციას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მიუთითეს შესაბამის თანამშრომელზე, გამოძიებამ მისი გამოკითხვის გადაწყვეტილება არ შეცვალა.
„პარასკევს შედგა ეს გამოკითხვა, უმეტესობა კითხვები შეეხებოდა სეისმურ დეტალებს, რომლის სპეციალისტიც მე არ ვარ; არ ვარ სეისმოლოგი. იმდენად არ ვიცოდი სეიმურ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები, რომ თეა გოდოლაძეს [ცენტრის დირექტორი] ვურეკავდით და მას ვეკითხებოდი რაღაცებს. ეს ძალიან უცნაური იყო ჩემთვის.
უშუალოდ გამოკითხვა და გარემო იყო ძალიან ცივილური, არაფერი საეჭვო, დადებითად შემილია აღვწერო, უბრალოდ ჩემთვის გაუგებარი იყო ის, რომ სეისმურ საკითხებზე მე გამომკითხეს”, – ამბობს ის.
მისივე თქმით, იყო საკითხი, რომლის ოქმში მოხვედრაზეც დამატებითი ძალისხმევის გაღება გახდა საჭირო.
„აღვწერე პროცესი, როგორ დავიწყეთ სეიმური მონაცემების დეტალური ძიება, რომელიც მოიცავდა უცხოელი კოლეგის მიერ ნათქვამს, რომ მიწისძვრის სენსორის ჩანაწერებში ჩანდა შოვის სტიქიის კვალი. ამის დასადასტურებლად მან გამოგვიგზავნა მის მიერ დამუშავებული მასალა და მერე დავიწყეთ უფრო დეტალური ძიება.
ამის შესახებ გამოკითხვის დროს ვისაუბრეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოქმში არ ხვდებოდა. რამდენჯერმე ვითხოვე, რომ ეს დეტალი მოხვედრილიყო ოქმში… როგორც შევნიშნე, ყველაზე რთული ამის ასახვა იყო. შესაძლოა ზედმეტად ეჩვენათ, თუმცა მას შემდეგ რაც ავუხსენი, რომ ეს არის სწორი ქრონოლოგია ამ პროცესის და აუცილებელია, რომ ოქმში მოხვდეს, შემდეგ უკვე შეიტანეს”, – განაცხადა სურიშვილმა.
მისივე თქმით, გამომძიებლების შეკითხვები ასევე შეეხო მათი ორგანიზაციის – დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დაფინანსებასაც.
„უკვე გამოკითხვის ბოლოს იყო კითხვა, საიდან ვფინანსდებით. ჩვენი ორგანიზაცია სსიპ-ია, სახელმწიფო ორგანიზაციაა და ვფინანსდებით სახელმწიფოსგან. ვერ გავიგე, ამ კითხვის არსი რა იყო.
თუ არ ჩავთვლით ბოლო კითხვას დაფინანსებასთან დაკავშირებით, მთელი დანარჩენი პროცესი იყო თანამშრომლობითი. არ მიგრძნია არანაირი მინიშნება, ირიბი ან პირდაპირი. რაც ჩანდა, ეს იყო დეტალების დადგენის სურვილი. თუმცა მე არ ვიყავი ის პროფესიონალი, ვინც მათ ამ ამოცანას გადააჭრევინებდა”, – ამბობს ის.
შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალები 3 აგვისტოს გამოქვეყნდა. სხვა გარემოებებთან ერთად მასში აღნიშნულია, რომ „წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია 2 საათით ადრე იარსებებდა და შესაძლებელი იქნებოდა განგაშის გამოცხადება”.