კურსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქის 28 სოფელს აკონტროლებენ

პუბლიკა

კურსკის გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქის 28 სოფელს აკონტროლებენ.

ამის შესახებ მან დღეს, 12 აგვისტოს კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ მთავრობის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

ალექსეი სმირნოვის თქმით, სიტუაცია რეგიონში რთული რჩება. მისივე ცნობით, უკრაინელები კურსკის ოლქში 12 კილომეტრზე არიან შეჭრილები, ხოლო ფრონტი 40 კილომეტრზეა გაშლილი.

მისი თქმით, რეგიონიდან 121 000 ადამიანია ევაკუირებული, 59 000 კი ევაკუირებას ჯერ კიდევ საჭიროებს.

ორშაბათს რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლებებიდან დამატებითი ევაკუაციის ბრძანება გასცა. მსგავსი განცახდება გააკეთა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა.

ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა კურსკის ოლქის ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელმაც, ნიკოლაი ვოლობუევმა, რომელმაც თქვა, რომ ადგილზე „სიტუაცია ძალიან დაძაბულია”. მანამდე, 10 აგვისტოს ვოლობუევმა დაწერა, რომ მოქალაქეები ტერიტორიას ნებაყოფლობით უკვე ტოვებდნენ. მისი თქმით, მათ შეეძლებათ კურსკში მოწყობილ დროებით თავშესაფრეფში დარჩენა.

6 აგვისტოდან რუსეთში კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა 6 აგვისტოს გაავრცელეს ცნობები, რომ რუსმა მესაზღვრეებმა და FSB-ის თანამშრომლებმა მოიგერიეს უკრაინელი სამხედროების შეტევა. მათი მტკიცებით, რუსეთში ბატალიონის ზომის სამხედრო დაჯგუფების შეჟონვა მოხდა ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას მიმართულებით.

ამასთან, კურსკის ოლქის გუბერნატორობის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს, რათა „აღმოფხვრან რეგიონში მტრის შეჭრის შედეგები“.

რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა „უნდა იგრძნოს”, რაც უკრაინას გაუკეთა.