ზელენსკი: ოკუპანტები განიცდიან დანაკარგებს, რაც ძალიან სასარგებლოა ჩვენი თავდაცვისთვის

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კურსკის ოლქში უკრაინელების წინსვლასა და რუსების დანაკარგებს აფასებს – ის აღნიშნავს, რომ ოკუპანტების პოზიციებს მაქსიმალური ზიანი უნდა მიაყენონ, რასაც უკრაინელი სამხედროები ახერხებენ.

„ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციასთან და კურსკის ოლქში ჩვენს ოპერაციასთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების სარდლისგან გარკვეული ინფორმაციები გვაქვს. ვხედავთ, რომ ოკუპანტები განიცდიან დანაკარგებს, რაც სასარგებლოა, ძალიან სასარგებლო ჩვენი თავდაცვისთვის. ეს ეხება რუსული არმიის ლოგისტიკის განადგურებასა და მათი რეზერვების ამოწურვას. ჩვენ რუსეთის პოზიციებს მაქსიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ და ამას ვაკეთებთ. მე მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მებრძოლს მათი სიზუსტისთვის, ძალისა და გამძლეობისთვის”, – აღნიშნავს ზელენსკი.

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ მდინარე სეიმის მიმდებარედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქა. რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, ჩატარებული ოპერაციის შედეგად კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოს მოსახლეობის ნაწილი მოწყვეტილია.

აღსანიშნავია, რომ ხიდი კრემლის მიერ საკუთარი ჯარების მოსამარაგებლად გამოიყენებოდა და მისმა განადგურებამ, შესაძლოა, ოკუპანტების წინსვლის შეფერხება გამოიწვიოს.

როგორც მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინელი სამხედროები კურსკში თავიანთ პოზიციებს ამაგრებენ და აღნიშნა, რომ დაკავებული ტერიტორიები შეიძლება მიიჩნიონ „გაცვლის ფონდად”, რომელსაც მოგვიანებით მოსკოვთან უკრაინის ტერიტორიების სანაცვლოდ გამოიყენებენ.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების შეტევის მეორე კვირა დაიწყო – გავრცელებულ ცნობებს რუსეთის რამდენიმე ოლქში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ევაკუაციის გამოცხადება მოჰყვა. ამ დროისთვის, დაახლოებით, 120 000-მდე ადამიანმა საზღვრისპირა დასახლებები დატოვა.

ტერიტორიული კონტროლის მოპოვების შესახებ უკრაინა აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, მათ სხვისი ტერიტორიები არაფრად სჭირდება და იბრძვის მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი მოსახლეობა დაიცვას.