18 აგვისტოს 2-დღიანი ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბაქოში ჩავიდა.
ილჰამ ალიევმა და მისმა ცოლმა, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, მეჰრიბან ალიევამ ქალაქგარეთ რეზიდენციაში არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს.
კრემლის განცხადებით, განსახილველი საკითხები რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის შემდგომი განვითარება და საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები იქნება.
კრემლის თანახმად, ხელი მოეწერება ერთობლივ შეთანხმებას და სხვა დოკუმენტებს.
რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი და ალიევი პრესისთვისაც გააკეთებენ ერთობლივ განცხადებებს.
დღეს, 19 აგვისტოს პუტინი გეგმავს, გვირგვინით შეამკოს ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარ ალიევის საფლავი. ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანს 1993-დან 2003 წლამდე მართავდა.
მოსალოდნელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი კომენტარს გააკეთებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც 2023 წელს სომეხ მოსახლეობას მთიანი ყარაბაღის მასობრივად დატოვება მოუწია.
სომხეთი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირე იყო, ცდილობს, გეზი ევროპისკენ აიღოს, ევროპულ და ევროატნალტიკურ სტრუქტურებს დაუახლოვდეს და რუსეთს ჩამოშორდეს. ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ რუსეთმა ყარაბაღის კონფლიქტის დროს მას მხარი არ დაუჭირა.
რუსეთისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, სომხეთის ევროპასთან და განსაკუთრებით, აშშ-სთან დაახლოების მცდელობა მიუღებელია.
ვლადიმირ პუტინი ბაქოში ბოლოს 2018 წელს იყო. ვიზიტის დროს ის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრო და რუსეთ-აზერბაიჯანის ინტერრეგიონული ფორუმის მე-9 პლენარულ სესიას დაესწრო.
აზერბაიჯანი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ შემუშავებული რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა, რაც ნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინს ბაქოში ვიზიტისას დაპატიმრება არ ემუქრება. რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნები ვალდებულები არიან, ICC-ის მიერ გამოცემული ორდერის თანახმად, დააპატიმრონ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის.