სახალხო დამცველი „ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და მოთხოვნების შესახებ მოისმინეს. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გაფიცულებმა სამუშაო ადგილზე არსებული შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ, არაჰიგიენურ პირობებზე და ხელმძღვანელ პირთა მხრიდან ღირსების შემლახველ მოპყრობაზე ისაუბრეს.

ლევან იოსელიანის განმარტებით, მხარეებს შორის არსებული კოლექტიური შრომითი დავის თითოეული საკითხი, ფაქტობრივად, სრულად შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, ასევე, შრომითი ნორმების ეფექტიან გამოყენებას მიემართება. ამდენად, კერძო სექტორზე ზედამხედველობის შეზღუდული მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, მედიაციის პროცესს უხელმძღვანელოს.

ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ევოლუშენ ჯორჯიას“, შრომის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გაფიცულ დასაქმებულებთან თანამშრომლობა და უზრუნველყოს შემათანხმებელი პროცედურების დროული და ეფექტიანად წარმართვა.

„პროტესტის დაწყების პირველი დღიდან, საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ მათი საკითხის შესწავლა. რამდენიმე საჯარო განცხადებაც გამოვაქვეყნეთ, სადაც მოვუწოდეთ როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციას საკითხის მოგვარებისკენ. საქმე ეხება შრომით დისკრიმინაციას, პროტესტის ფორმის გამოხატვის შესაძლებლობას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით დისკრიმინაციის ნაწილში მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. იცით, რომ უშუალო მედიაციას ვერ მოვახდენთ, ამის მანდატი არ გაგვაჩნია, მაგრამ ყველა ძალას ვიღონებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იყოს.

რა ინფორმაციაც გამიზიარეს, ისინი საუბრობენ ღირსების შემლახველ სამუშაო პირობებზე, დისკრიმინაციის სავარაუდო ფატებზე, ისეთი გარემოს შექმნაზეც საუბრობენ, სადაც თანამშრომლები შესაძლოა დაპირისპირებულები იყვნენ. ყველაფერს შესწავლა სჭირდება. ამის უფლებამოსილება გააჩნია შრომის ინსპექციას, ხოლო შესაძლო დისკრიმინაციაზე, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ”, – აღნიშნა იოსელიანმა.


„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისიდან გაფიცულია, ხოლო გაფიცულთაგან ოთხი ადამიანი შიმშილობს. ერთმა ადამიანმა კი პირი ამოიკერა.

გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.

ისინი ხელისუფლებას პროცესში ჩარევისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ და განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანიას და ხელისუფლებას აკისრებენ.