პროტოპრესვიტერი: იყო შეხვედრა სამართლებრივ მოდელებზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის

პუბლიკა

აპირებს თუ არა „ქართული ოცნება”, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს — საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ლონგინოზ სუარიშვილმა „ფორმულას” უთხრა, რომ „შესაძლოა, ხელისუფლებისგან არაოფიციალური შეთავაზება მიიღეს, ოფიციალურად არაფერი ყოფილა“. 

თუმცა, სუარიშვილმა დაადასტურა, რომ სინოდის წევრები 26 აგვისტოს შეიკრიბნენ და ამ საკითხზე იმსჯელეს.

ის, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეხვდნენ და ამ საკითხზე იმსჯელეს, „ფორმულასთანვე“ დაადასტურა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მისი თქმით, შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი ხელმძღვანელობდა, „როგორც ეს მაშინ ხდება, როცა უწმინდესი ვერ ესწრება”.

ზვიადაძე ამბობს, რომ „საქართველოს ეკლესიას იგივე პოზიცია აქვს, რაც მანამდე ჰქონდა“. 

„დიახ, ვესწრებოდი გუშინდელ შეხვედრას. ეს არის ძალიან კორექტული, ძალიან მშვიდი და არგუმენტირებული საუბარი იმასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სამართლებრივ მოდელებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. […] არავითარი საფუძველი არ არის, რომ ის სამართლებრივი მოდელი, რომელიც დღეს არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, შეიცვალოს”, – თქვა გიორგი ზვიადაძემ.

დღეს საქართველოში ოფიციალური სახელმწიფო რელიგია არ არსებობს.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესაძლოა იყოს ის, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ 20 აგვისტოს განცხადებაში მიუთითა.

„არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ”, – წერია მმართველი პარტიის 20 აგვისტოს განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფოსა და  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც 2002 წელს გაფორმდა და რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით“.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „ფორმულასთან“ თქვა, თუ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდება, ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ვერ იქნება.

„სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან და შესაბამისად, სახელმწიფო არ არის დამოუკიდებელი ეკლესიისგან. მაგალითად, ეკლესიის იერარქების და სასულიერო პირების დანიშვნა – ასეთ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, უფრო სწორად ეკლესია სთავაზობს და სახელმწიფო ამტკიცებს. ვფიქრობ, რომ ამის აუცილებლობა ქვეყანაში არ არის და სიკეთის მომტანი არ იქნება“, – თქვა მიტროპოლიტმა.