ფიშერი: არ მჯერა, რომ ევროკომისარმა მუქარა გააჟღერა, ჩვენ არ ვკლავთ ხალხს

პუბლიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, რომ მასთან კონკრეტულმა ევროკომისარმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა, არ სჯერა. ამის შესახებ ელჩმა დეზინფორმაციის ექსპერტთან, ნინი შენგელიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ ვკლავთ ხალხს”, – აცხადებს პიტერ ფიშერი და ამბობს, რომ „ეს წარმოუდგენელია” და „ევროკავშირი ტერორს არ აფინანსებს”.

„გაჟღერდა ბრალდებები, რომ ევროკავშირი ტერორს აფინანსებს. ევროკავშირი არ აფინანსებს ტერორს; ევროკავშირი ებრძვის ტერორს. გავრცელდა ბრალდება, რომ ევროპელმა კომისარმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა. მე არ მჯერა. მე არ მომისმენია სატელეფონო საუბარი, მაგრამ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. ჩვენ არ ვკლავთ ხალხს და ჩვენ რატომღაც მოგვიხსენიებენ გლობალური ომის პარტიის, ლიბერალური ფაშიზმის, რევოლუციის, მეორე ფრონტის შესახებ დისკუსიებში. ჩვენ ვფიგურირებთ ისეთ კონტექსტში, სადაც ჩვენი ადგილი არ არის.

ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რაც არაერთგზის გავიმეორე. ევროკავშირი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებისგან. ეს არის ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის გზა საუკუნეების განმავლობაში ნაციონალიზმის, ფაშიზმის, ძალადობისა და გენოციდის შემდეგ. ასე რომ, ჩვენ არ ვართ ახლოს, რასაც შეიძლება გლობალური ომის პარტია ეწოდოს.

ჩვენ ვართ გლობალური მშვიდობის პარტია. ამ უკუსვლამ გაგვაკვირვა და იმედი გაგვიცრუა, რაც ბევრ კითხვას აჩენს [ქვეყნის] მომავალი კურსის შესახებ”, – ამბობს ფიშერი.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 23 მაისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და პარალელი გაავლო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს შემთხვევასთან, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

კობახიძე აცხადებს, რომ მაღალი რანგის „უცხოელი პოლიტიკოსები ღია შანტაჟს არ ერიდებიან“.

იმავე დღეს კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრის ნაწილი უკონტექსტოდ ამოიღეს და სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.