ერემაძე რუსულ კანონზე: მან არაფერი ღირებული არ შექმნა, არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს

პუბლიკა

ქეთი ერემაძემ, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენს, სიტყვით გამოსვლისას თქვა:

„ვიცავთ ქართული სამოქალაქო საზოგადოების 145-წლიან ტრადიციას. 1879 წელს შეიქმნა პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” განათლების გასავრცელებლად.

დღეს თქვენ იხილავთ საქმეს, რომელიც შეეხება იმ სახელმწიფოს, ხალხს და საზოგადოებას, რომელიც მორიგ ჯერზე აღმოჩნდა ცივილიზაციური არჩევანის გზაგასაყარზე. ჩვენი იდენტობა, ისტორია, ტრადიციები, კულტურა, სამართალი, დემოკრატია, თუნდაც ისეთი, როგორიც არის – ჯერჯერობით საკმაოდ მყიფე და არასრულყოფილი. ეს სიკეთეები დადგა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და შეიძლება არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ნამდვილად არის ეს კანონი.

ამ კანონმა არაფერი ღირებული არ შექმნა, ის არ ემსახურება ამ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს, სამაგიეროდ კი, მან მოახერხა და გამოიწვია საზოგადოებაში დაპირისპირება. ეს კანონი არის და კიდევ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი გახდება ძალაუფლების მპყრობელთათვის, მათდამი კრიტიკული და ამ ნიშნით მათთვის მიუღებელი საზოგადოების ნაწილის: არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიების, ცალკეული პირებისგან შექმნას მტრის ხატი, მიაკეროს მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარის და მაშასადამე, აგენტის, ჯაშუშის იარლიყი და საზოგადოების სამიზნედ აქციოს. ეს კანონი კრიტიკული აზრის ჩახშობაზე ორიენტირებულია და მიზნად სწორედ მას ისახავს. ჩვენი ამოცანაა, ასეთი შეუქცევადად მძიმე შედეგების თავიდან აცილება შევძლოთ”.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას დღეს, 29 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს 29-31 აგვისტოს, სრული შემადგენლობით, განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს.

სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება. 

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს მოსარჩელეთა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. 

29-31 აგვისტოს სხდომებზე მოსამართლეები ორ საკითხზე იმსჯელებენ:

1) ცნონ თუ არა სარჩელი დასაშვებად;

2) არსებითი განხილვის გარეშე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერონ თუ არა ნორმების  მოქმედება, რომელიც 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატების და მედიების: „მთის ამბებისა” და „სტუდია მონიტორის“ სარჩელებს.

ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება.

  • პრეზიდენტის სარჩელს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ეკა ბესელია წარმოადგენენ.
  • არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური არიან.
  • ოპოზიციის სარჩელს  საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი წარმოადგენენ.
  • საკონსტიტუციო სასამართლოში „მთის ამბებისა“ და „სტუდია მონიტორის“ სარჩელს „მთის ამბების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წარადგენს.
  • რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, ისინი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ჩაანაცვლეს.