მიტროპოლიტი: პატრიარქის სურვილია, სახელმწიფო რელიგიის საკითხი ნაჩქარევად არ იქნას განხილული

პუბლიკა
content image

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის თქმით, „პატრიარქის სურვილია, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი ნაჩქარევად არ იქნას განხილული”.

ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან, საპატრიარქოს შენობის დატოვების შემდეგ გააკეთა.

საპატრიარქოში სინოდის წევრებმა სწორედ სახელმწიფო რელიგიის საკითხი განიხილეს. მიტროპოლიტმა გრიგოლმა შეხვედრა დასრულებამდე დატოვა.

„ჩემი პასუხი ის არის, რომ ამ ტიპის წინადადება, იმდენი საკითხია, რომ ასე დაჩქარებულად განხილვას, ვფიქრობ, არ უნდა ექვემდებარებოდეს […].

აღინიშნა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული, მაგრამ ეს არ არის რაღაც ერთობლივი გადაწყვეტილების თემა და არც ამაზეა საუბარი. აქ საუბარია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნებაზე, კეთილ ნებაზე. ამის უკან, რაღაც სპეკულაციები, კარგია, ცუდია – ამას სჭირდება სერიოზული განხილვა, ანალიზი, სპეციალისტების შეხვედრები და ამის შემდეგ გარკვეული აზრის ჩამოყალიბება. ვფიქრობ, რომ არ არის ისეთი თემა, რომელზეც არსებული კონსტიტუციური შეთანხმება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაიმე გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს ფორმატი აბსოლუტურად იძლევა ბევრი საკითხის გათვალისწინების საშუალებას და მისი სრული ამოქმედება მიმაჩნია უფრო სწორად”, – თქვა მიტროპოლიტმა.

დღეს საქართველოში ოფიციალური სახელმწიფო რელიგია არ არსებობს.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესაძლოა იყოს ის, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ 20 აგვისტოს განცხადებაში მიუთითა.

„არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ”, – წერია მმართველი პარტიის 20 აგვისტოს განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქოში ეს საკითხი რამდენჯერმე განიხილეს.

საქართველოს სახელმწიფოსა და  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც 2002 წელს გაფორმდა და რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით“.