საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე განმწესრიგებელი სხდომები დაასრულა | პლენუმი სათათბიროდ გავიდა

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე განმწესრიგებელი ბოლო სხდომა დღეს, 31 აგვისტოს გამართა. პლენუმი სათათბიროდ გავიდა.

როგორც მერაბ ტურავამ პროცესის ბოლოს განაცხადა, მხარეებს დამატებითი ინფორმაცია აქტის შესახებ წერილობით ეცნობებათ.

სამდღიანი განხილვის შემდეგ, პლენუმმა უნდა დაადგინოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს და დაიწყებს თუ არა არსებით განხილვებს.

პარალელურად, მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, შეჩერდება თუ არა რუსული კანონის მოქმედება საკონსტიტუციო განხილვების დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო.

3 დღის განმავლობაში სასამართლომ მოუსმინა მოსარჩელეებს – არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, მედიების და პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ასევე მათ მოპასუხეებს – პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს და დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწვეულ ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს, რომელმაც იმ კვლევის ძირითადი შედეგები წარმოადგინა, რომელიც ლინგვისტებმა კანონის შესახებ ჩაატარეს. მან განმარტებები კანონში გამოყენებულ ტერმინებთან დაკავშირებით გააკეთა.

ამის შემდეგ პროცესზე კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო, მხარეები მოსამართლეების კითხვებს პასუხობდნენ, შემდეგ კი მოპასუხე მხარემ დასვა კითხვები.

საბოლოოდ კი, განმწესრიგებელი სხდომის ბოლო დღეს, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგნენ

სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება.

მოსარჩელეები ასევე აყენებენ შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.


რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ პარლამენტმა, 2-თვიანი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა.

4 ივნისიდან კანონი ძალაშიც შევიდა.

2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე ჰქონდათ.

დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.

პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს.

დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.

კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას.

რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით;

დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით; თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ.რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით;

თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება.

იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 30 აგვისტოს სხდომაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, დავით დევიძემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა გავიდოდა, ანუ 2 სექტემბრის შემდეგ, ის ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ რუსული კანონის რეესტრში, მიიღებენ შეტყობინებას მონიტორინგის დაწყების შესახებ.

ეს გულისხმობს, რომ ორგანიზაციამ რეესტრს უნდა მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია. თუმცა, თუ ორგანიზაცია ამას არ გააკეთებს, რეესტრი მის მოპოვებას თავად ეცდება – პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, ვრცელდება თუ არა რუსული კანონი ამა თუ იმ ააიპ-ზე – უნდა გაირკვეს მათი შემოსავლების ოდენობა, წყაროები და სხვა.

დავით დევიძის თქმით, ჯამში ამ ყველაფერს შესაძლოა დასჭირდეს დრო 3-დან 90 დღემდე.