ამერიკული გამოცემა Deadline რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილს ესაუბრა, რომლის ახალი ფილმი „აპრილი“ ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს.
გამოცემის ცნობით, აბორტის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციების შემოღებიდან რამდენიმე თვეში ფილმმა ნელ-ნელა ხორცი შეისხა. მთავრობის მხრიდან მზარდი აბორტის საწინააღმდეგო რიტორიკის გამო კი დეა კულუმბეგაშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება არ მიეღო.
„გადავწყვიტე, კინოფონდისთვის [ეროვნული კინოცენტრისთვის] არ მიმემართა, რადგან ჩემი სცენარის გამო გაჩნდებოდა კითხვები, რომლებიც არა მხოლოდ მე შემაწუხებდა, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მეხმარებოდნენ. […] სერიოზული საუბარი მქონდა ჩემს პროდიუსერებთან იმაზე, რომ ფილმის გადაღების ერთადერთი გზა საქართველოს სახელმწიფო დაფინანსებისგან თავის არიდება იყო“.
კულუმბეგაშვილის თქმით, ის საქართველოში შეზღუდული რაოდენობის კინოსეანსების გამართვას გეგმავს.
„იქნება საჯარო კამათი… იქნება უზარმაზარი კრიტიკული გამოხმაურება მთავრობის მხრიდან. ეკლესიას არ მოეწონება, და ხალხს მოუწევს, დაგმონ ფილმის ზოგიერთი მონაწილე. ამაზე პრობლემა არ მაქვს. მესმის, რომ რაღაცები შეიძლება მოხდეს. საქართველოში არ ვცხოვრობ და არ მგონია, უახლოეს მომავალში ვიცხოვრო… ეს კომპლექსურია. უზარმაზარი განხილვა იქნება“.
კულუმბეგაშვილის ამბობს, რომ დარდობს იმ ექიმებზე, რომლებიც კვლევის ეტაპზე ძალიან დაეხმარნენ.
ფილმი სოფლის მეან-გინეკოლოგ ნინაზე (ია სუხიტაშვილი) მოგვითხრობს, რომელიც არალეგალურ აბორტებს უკეთებს სიღარიბეში მცხოვრებ ქალებს. მკვდარი ჩვილის დაბადების შემდეგ შიდა გამოძიება იწყება. მოკვლევის ინტერესის საგანი ნინას მორალური კომპასი და პროფესიონალიზმი გახდება.
2023 წლის 21 აგვისტოს კინოს სფეროს 450-ზე მეტმა წარმომადგენლებმა ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ორგანიზაციას ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი მოითხოვენ, რომ ცენტრის დირექტორის პოზიცია გახდეს არჩევითი. მის არჩევაში კი სფეროს წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა.