3 სექტემბერს, თბილისში, სარკინიგზო ავარიის შედეგად ორი მუშა დაიღუპა – 56 წლის აბო ახინჯანიანი და 23 წლის ლაშა ცაგარეიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა, მაშინ, როდესაც რკინიგზელები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და გეგმურ სამუშაოებს ატარებდნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი მუშა.
„პუბლიკა” რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილ ლაშა ცაგარეიშვილს რკინიგზაში მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა, ის ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, აბო ახინჯანიანი კი რკინიგზის სტაჟიანი თანამშრომელი იყო.
„ლაშა ცაგარეიშვილს ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა, წელიწადიც არ იქნება გასული და რაც შეეხება აბოს, ის უფრო სტაჟიანი თანამშრომელი იყო, წლების განმავლობაში მუშაობდა რკინიგზაში”, – ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის უსაფრთხოების ინსპექტორი, პაატა ნინუა.
რაც შეეხება ორ დაშავებულს, ნინუას ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა „სტაბილურად მძიმეა”, ერთ-ერთ მათგანს კი ოპერაცია დასჭირდა.
მისივე თქმით, ეს იყო გეგმური სამუშაოები და თუ რა გახდა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, ამასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით ზოგადი ინფორმაცია რაც არის გავრცელებული, ჩვენც ის ვიცით. ჩართული ვართ მოკვლევის პროცესში. ვიკვლევთ თუ რა გახდა ამ შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და როგორც კი დასკვნა გვექნება, თუ რამ გამოიწვია ეს სამწუხარო ამბავი, აუცილებლად გავავრცელებთ განცხადებას. რა თქმა უნდა, ვარაუდები არსებობს, მაგრამ ასეთი ტრაგედია მოხდა და ვარაუდებზე ვერ ვისაუბრებთ.
გეგმური სამუშაოები იყო, ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას. რკინიგზაში თავისი ინიციატივით ვერავინ ვერაფერს შეასრულებს და ვერ გადაადგილდება. უბრალოდ რატომ მოხდა ეს ტრაგედია ეგ არის მნიშვნელოვანი”, – აცხადებს ნინუა.
შემთხვევის შესახებ საქართველოს რკინიგზას დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია, როგორც რკინიგზაში ამბობენ, „მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.