შპს „მაღაროელმა“ შუქრუთის პროტესტში მონაწილე 3 პირი სამსახურიდან გაათავისუფლა

პუბლიკა

შპს „მაღაროელმა“ შუქრუთის პროტესტში მონაწილე 3 პირი – რომან მეგრელიშვილი, მალხაზ ლაბაძე და გიორგი ცარციძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ბრძანება მათ დღეს, 6 სექტემბერს ჩაბარდათ. ინფორმაციას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ Facebook-გვერდი „სოფელ შუქრუთის გადასარჩენად“ ავრცელებს.

2 სექტემბრის ბრძანებას ხელს შპს „მაღაროელის” დირექტორი, ზურაბ ბაძგარაძე აწერს. ის თანამდებობაზე 2024 წლის მარტიდან დაინიშნა.

ბრძანების მიხედვით, რომან მეგრელიშვილი შპს „მაღაროელში” მებიგის პოზიციაზე იყო დასაქმებული, მალხაზ ლაბაძე რკინიგზელის, ხოლო გიორგი ცარციძე მიწისქვეშა უბნის ცვლის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

სამივე დასაქმებულის შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ერთია. 

ბრძანებაში ვკითხულობთ:

  • ვინაიდან, დასაქმებულმა ჩაიდინა ქმედება, რომელიც მიმართულია კომპანიის სამუშაო პროცესის შეფერხებისა და ზიანის მიყენებისაკენ:
  • დასაქმებულის მიერ ჩადენილი კომპანიის სამუშაო პროცესის შეფერხების ფაქტი, მათ შორის, იკვეთება 2024 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების შეტყობინებით;
  • დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს მის მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას;
  • დასაქმებულის ქმედებ(ებ)ი სპობს დამსაქმებლის ნდობას დასაქმებულის მიმართ;
  • ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შეუძლებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება.

„პუბლიკა“ შუქრუთის პროტესტის მონაწილეს, გიორგი ნეფარიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, საპროტესტო აქციებში მონაწილე პირები ხელმძღვანელობამ დაიბარა და უთხრეს, რომ თუკი პროტესტს არ შეწყვეტდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.

„ჯერ ეს ადამიანები დაიბარეს ჩვეულებრივად, დადიოდნენ სამსახურში, მუშაობდნენ. დასვენების დროს, რა თქმა უნდა, პროტესტს გამოხატავდნენ და პირდაპირ მოსთხოვეს ამ ადამიანებს ხელმძღვანელმა პირებმა, რომ შეეწყვიტათ პროტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ და ფაქტი სახეზეა უკვე.

ამ ადამიანებს პროტესტი არ შეუწყვეტიათ და გაათავისუფლეს სამსახურიდან, როგორ გაბედეს და ხმა ამოიღეს თავიანთი სახლისა და ოჯახის დასაცავად კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” კრიმინალური საქმიანობის წინააღმდეგ”, – ამბობს ნეფარიძე.

მისივე თქმით, ეს არ არის პროტესტის გამო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების პირველი შემთხვევა.

„2-თვე-ნახევრის წინ ანალოგიურ სიტუაციაში გაათავისუფლეს ერთ-ერთი პირამოკერილი,  გიორგი ბიწაძე. დაიბარეს და მოსთხოვეს პროტესტის შეწყვეტა. ასევე, დაახლოებით, თვე-ნახევარი იქნება გასული, რაც ჯუმბერ ცუცქირიძე გაათავისუფლეს, ისიც დაიბარეს და უთხრეს, რომ შეეწყვიტა „ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ პროტესტი. ამ 5 ადამიანიდან ოთხს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, სადაც იყვნენ დასაქმებულები”, – ამბობს გიორგი ნეფარიძე.

რაც შეეხება გეგმებს, ნეფარიძის თქმით, „არაერთი ნაბიჯია დაგეგმილი”, თუმცა წინასწარ ვერ გაახმოვანებენ.


სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც მარტიდან ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ აქციას მართავენ, პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართეს – 5- მა მათგანმა პირი ამოიკერა და შიმშილობს.

ადგილობრივების თქმით, ამ ხნის მანძილზე არც ხელისუფლებიდან და არც „ჯორჯიან მანგანეზიდან“ არავინ გამოხმაურებიათ.

შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა.

ისინი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

2021 წელსაც შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს იმ მოთხოვნით, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აენაზღაურებინა შუქრუთის მოსახლეობის ზარალი.

მაშინ მათი პროტესტი კომპანიასთან კონკრეტული შეთანხმების შედეგად შეწყდა, თუმცა 2024 წლის 14 მარტს ადგილობრივებმა კვლავ პროტესტს მიმართეს. მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულიად უგულებელყო სამი წლის წინ მათთან დადებული შეთანხმება.

ამასთან, როგორც 31 ივლისს გახდა ცნობილი, სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეების, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მათ გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. „ჯორჯიან მანგანეზი“ პროტესტის მონაწილეებისგან ითხოვს ზარალის ანაზღაურებას 5 500 000 ლარის ოდენობით.

6 სექტემბერს შპს „მაღაროელმა“ შუქრუთის პროტესტში მონაწილე 3 პირი – რომან მეგრელიშვილი, მალხაზ ლაბაძე და გიორგი ცარციძე სამსახურიდან გაათავისუფლა.