30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიას ქმნის

პუბლიკა

„ჩემი ხმა” – არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი სადამკვირვებლო მისია დააფუძნეს. ამ ეტაპზე, კოალიცია 30-მდე ორგანიზაციას აერთიანებს.

როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია აცხადებს, საყოველთაო სამოქალაქო დაკვირვება საქართველოს მოქალაქეების დაკვეთაა.

„რუსული კანონის” მიღებიდან მეორე დღესვე მოქალაქეებმა თავად დაიწყეს ამ ინიციატივის გარშემო გაერთიანება. ეს სურვილი თავად მოქალაქეებში დაიბადა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, 30-მდე ორგანიზაცია ამ მოლოდინებს ვპასუხობთ. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ დაკვირვების პროცესში.

გაერთიანებული ვართ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებსაც გვაქვს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დაკვირვების გამოცდილება, ცოდნა შესაძლო დარღვევების და საარჩევნო მანიპულაციების შესახებ. მოვამზადებთ საქართველოს მოქალაქეებს, მათი პროფესიის, ინტერესის და საქმიანობის სფეროს მიუხედავად. საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს, როგორც დამკვირვებელი”, – განაცხადა ლომჯარიამ.