თეა გოდოლაძე: აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა

პუბლიკა

„აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ ველოდით, რომ გარდაუვალი იქნებოდა”,  – ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წერს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია, შესაბამისად ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარებიც ჩვენ ვიყავით. დიახ, ჩვენი დახმარებაც გაურკვეველი ვადით შეჩერდა.

ამჟამად ვმუშაობდით სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე, რომელსაც რა თქმა უნდა აშშ აფინანსებდა. აშშ აფინანსებდა ასევე მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისათვის საჭირო სამუშაოების უდიდეს ნაწილს. აპარატურის შეძენა და ინსტალაცია არაა საკმარისი, მას მოვლაც სჭირდება; ფინანსურად ეხმარებოდა ჩვენს ახალგაზრდა გუნდს, ვინაიდან სუბსიდირებული სამეცნიერო დაწესებულება ვართ და ძალიან მწირი დაფინანსება გვაქვს სახელმწიფოსაგან. ჩვენ სამეცნიერო გუნდში 80 თანამშრომელია. ამჟამად 49 სეისმური სადგური გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით და 160-მდე გეოდეზიური როგორც მუდმივი, ასევე დროებითი სადგურები.

ჩვენი სამეცნიერო მიმართულება გამართული, მოსავლელად უსაშველოდ რთული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ იარსებებს. ხელფასების, სახელმწიფო დაცვის, ინტერნეტ მომსახურების და საველე ავტომანქანების შეკეთების ყოველწლიური ხარჯების შემდეგ, ჩვენს წლიურ ბიუჯეტში თავისუფალი 24 000 ლარი რჩება. დიახ, გვეხმარებოდა აშშ.

დღეს, საკმაოდ მძიმე რეალობაა. ჩვენი კომერციული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიმდინარე საჭიროებებს, მაგრამ საკმარისი არ არის.

2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი კი არ გაგვეზარდა, ყოველწლიურად მცირდება. სეისმური სადგურის ერთი კომპლექტი 50 000$ USD-ია თანმდევი ხარჯით. ეს ხომ აპარატურაა, შესაძლებელია გაფუჭდეს, ჩვენთან მოულოდნელი არაფერია, მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა. ჩვენს თანამშრომლებს მწირი ბიუჯეტის გამო, ჯანმრთელობის დაზღვევაც კი არა აქვთ.

ჩვენ არასდროს გვისაუბრია ჩვენს პრობლემებზე, ვცდილობდით პირნათლად გვემსახურა ხალხისათვის. პირველ რიგში, ჩვენ ანგარიშვალდებულნი ჩვენი ხალხის წინაშე ვართ. ვეხმარებოდით უფასოდ ყველას, როგორც შეგვეძლო.

ამჟამად ვეძებთ გზებს, როგორ გადავარჩინოთ ის, რაც წლების მანძილზე შევქმენით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. მადლობა ჩვენს ამერიკელ კოლეგებს და ამერიკელ ხალხს საქართველოს გვერდში დგომისათვის. იმედია, ეს დროებითია და სიტუაცია შეუქცევადად დამაზიანებელი არ გახდება”, – წერს გოდოლაძე.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას დახმარებას უჩერებს.

„23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, განვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება“, – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.